დანიამ ირანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდერს სამუელსენმა განაცხადა. ისლამური რესპუბლიკიდან დიპლომატის გაწვევა ოფიციალური კოპენჰაგენის ბრალდებას უკავშირდება.
ცოტა ხნის წინ, დანიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის სპეცსამსახურების წარმომადგენლები დანიის ტერიტორიაზე მკვლელობას გეგმავდნენ.
ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ აღნიშნულ საქმეში წარმოშობით ირანელი ნორვეგიის მოქალაქე ფიგურირებს, რომელიც შვედეთის ქალაქ გეტებორგში 21 ოქტომბერს დააკავეს. დანიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმის ობიექტი „აჰვაზის გათავისუფლების არაბული მოძრაობის“ დანიური ფილიალის ლიდერი იყო.
სეპარატისტული მოძრაობა ხუზისტანის პროვინციის ირანისგან გამოყოფასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უჭერს მხარს. აღნიშნული მოძრაობა ირანს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.
ისლამური რესპუბლიკა ბრალდებას უარყოფს. თეირანში მიიჩნევენ, რომ დანიის ქმედება ირანსა და ევროპას შორის არსებული კარგი ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.