დანიამ ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული სიიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ექვსი ქვეყნისთვის მიიღო
დანიამ ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული სიიდან ექვსი ქვეყნისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არ არის საქართველო. აღნიშნული ქვეყნებია ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. შესაბამისი ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში დანიის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები და საკარანტინო წესები მოქმედებს. ამიტომ, დანიის მოქალაქეებისთვის აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრების რეკომენდაციები კვლავ უცვლელი რჩება, რაც ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დანიის მოქალაქეებს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებას არ ურჩევს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.