დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს გამოუყოფს
დანია საქართველოსა და უკრაინას, რუსეთის აგრესიის დასაძლევად, 860 მილიონ კრონს გამოუყოფს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა განაცხადა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამინისტრომ ახალი სამეზობლო პოლიტიკა უკვე დაამტკიცა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის 2017-2021 წლებში 860 მილიონი კრონის გამოყოფას ითვალისწინებს.
სამუელსენის თქმით, საქართველოს ერთი მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მთავრობა ამ ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს.
„ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას, რათა ისინი ძლიერ და კარგად ფუნქციონირებად დემოკრატიებად იქცნენ. ჩვენ დავეხმარებით ორივე ქვეყნის ბიზნესს, რათა მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამოყენება უკეთ შეძლონ. ეს საუკეთესო გზაა, რათა საქართველო და უკრაინა ევროპას დაუახლოვდეს. ამის მისაღწევად ისინი ფინანსურად ძლიერები უნდა გახდნენ“, – აცხადებს სამუელსენი.