დანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის
დანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის.

როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტრომ ორი კვირის თავზე გადახედეს ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული „მწვანე ქვეყნების” სიას და მიიღეს გადაწყვეტილება, საზღვრები გაუხსნან აღნიშნულ სიაში არსებულ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ, საქართველოს, ტუნისსა და ურუგვაის.

მიმდინარე თვის დასაწყისში დანიამ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სიიდან საზღვარი გაუხსნა კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ტაილანდს.

ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ურუგვაისა და საქართველოში დანიის მოქალაქეებისთვის მოქმედებს სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინის მოთხოვნა, ამიტომ აღნიშნულ ორ ქვეყანაში გამგზავრება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე რეკომენდებული კვლავ არ არის. ანალოგიური რეკომენდაცია მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილ ექვს ქვეყანასთან მიმართებაშიც, რომლებსაც დანიამ საზღვარი მიმდინარე თვის დასაწყისში გაუხსნა.

ამასთან, დანიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის დანია საზღვრებს 18 ივლისიდან ხსნის.