დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა.

უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიულოცა. მინისტრმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების საქმიანობის შედეგები და განვითარების ხედვა გააცნო თანამშრომლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. მან ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

გასული ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის მიმართულებით არაერთი დაპირება შესრულდა:

შეიქმნა ევროპაში პირველი ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ – პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა, რომელიც პრობაციის სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასა და ანონიმურობას უზრუნველყოფს. ამ დროისათვის „Probbox“ საქართველოს შვიდ ქალაქში იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობაშია განაწილებული, სამომავლოდ კი მისი რიცხვი 250-მდე გაიზრდება;

იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა ქუთაისში, მუნიციპალური ოფისები კი – ზესტაფონსა და თერჯოლაში. გარდაბნის, სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები ამავე ქალაქების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა ქუთაისში;

გაძლიერდა ადამიანური რესურსი – პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი;

ოთხი ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა დაინერგა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. განრიდების პროგრამებში 577 არასრულწლოვანი და 21 წლამდე სრულწლოვანი ჩაერთო. წარმატებული მედიაციის მაჩვენებელმა კი სტატისტიკურად ყველაზე მაღალი – 67% შეადგინა;

სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიებთან;

შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები.

ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ბიუროს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ წარმატებული პროფესიონალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სააგენტოს თანამშრომლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.