დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება [ფოტო]
აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება იმართება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელისაბედ რუდი საპატიო სტუმრებს, მთავრობის წევრებსა და საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობს. ღონისძიებაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრებენ .
სპეციალურად ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნებს ანსამბლი „შვიდკაცა” შეასრულებს.
საელჩოს ეზოში, ტრადიციული ამერიკული მუსიკის თანხლებით სტუმრებისთვის ამერიკული ბარბექიუ მოეწყო.
აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საელჩოები 5 ივლისს აწყობენ.
თარიღი 1776 წლის მოვლენებს უკავშირდება, რა დროსაც დიდი ბრიტანეთის კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააფორმეს.