დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისათვის ესეების კონკურსი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტოს კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – პირველი რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ბიბლიოთეკარებისათვის ესეების კონკურსი გაიმართება.
პრეზიდენტია ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თავად მიაწოდა წყალტუბოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და, სადაც ბიბლიოთეკების გაძლიერებასთან დაკავშირებით სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტები მიმდინარეობს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე, ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციას, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, წიგნის ფონდის განვითარებასა და ბიბლიოთეკების, როგორც თემის მობილიზაციის პროცესში ჩართული ინსტიტუციის გაძლიერებას ითვალისწინებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ფონდიდან დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი გულისხმობს, ბიბლიოთეკარის, როგორც თემის მობილიზატორის როლის გაძლიერებას. ანუ ბიბლიოთეკარი არის არა მხოლოდ ბიბლიოთეკარი, არამედ არის თემის მობილიზატორი, რომელიც მუშაობს ადგილობრივ მოსახლეობასთან, აცნობს მას სხვადასხვა სიახლეებს, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს.
“ბიბლიოთეკამ შეიძინა სრულიად სხვა ფუნქცია და მრავალფუნქციური გახდა. ის არის მეტი, ვიდრე უბრალოდ ბიბლიოთეკა. ის არის ადგილი სოფლებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ფუნქციით, დისკუსიებისთვის იკრიბება. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევაჯამეთ გარკვეული ტიპის პროექტები და ამავდროულად გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტი – ესეების კონკურსი “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე”. ეს არის კონკურსი ყველა ბიბლიოთეკარისთვის, გამარჯვებული გამოვლინდება 26 მაისისთვის და ჯილდო გადაეცემა არა მხოლოდ ბიბლიოთეკარს არამედ იმ ბიბლიოთეკასაც, რომელშიც გამარჯვებული მუშაობს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას და ზოგადად, ბიბლიოთეკების როლსა და მისი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
გიორგი აბაშიშვილისა და ბიბლიოთეკარების შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები – წყალტუბოს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი ესწრებოდნენ.