დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ხელფასის გაზრდას ანა დოლიძემ მხარი არ დაუჭირა
დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ხელფასის გაზრდას ანა დოლიძემ მხარი არ დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეებისა და დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის დანამატების განსაზღვრის წესში ცვლილების საკითხზე იმსჯელა. საკითხის განხილვისას, საბჭოს ახალმა წევრმა ანა დოლიძემ დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსირა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი დასაბუთება არ არსებობს.

„დღეს განიხილებოდა დანამატის საკითხი ორი მხრივ – ერთი ინსპექტორის დანამატი, მეორე საბჭოს უფლებამოსილება, რომ მოსამართლეებს დაუწესოს დანამატები.

ორივე შემთხვევაში მე გამოვთქვი კრიტიკული შენიშვნები, იმიტომ რომ ვფიქრობ, დანამატების საკითხი არის მგრძნობიარე საკითხი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე და დასაბუთებულობა. ეს არის საჭირბოროტო თემა. ორივე შემთხვევაში ამ ცვლილებას შევეწინააღმდეგე. ინსპექტორის ხელფასისა და დანამატის საკითხი არ იყო დასაბუთებული, მეორე შემთხვევაში საბჭომ ეს გადაწყვეტილება გადადო ვინაიდან ის არ იყო გამართლებული“,- განმარტა ანა დოლიძემ.

დღეს საბჭოს ახალი წევრის ანა დოლიძის პირველი სამუშაო დღე იყო. მან პრეზიდენტის კვოტით დამტკიცებული ვახტანგ მჭედლიშვილი 17 იანვარს ჩაანაცვლა.

დღის ბოლოს, ანა დოლიძემ საბჭოში პირველი სამუშაო დღე შეაფასა და განაცხადა, რომ ის მოხარულია საბჭოს წევრობით. მისი თქმით, დღეს იყო დაძაბული, მაგრამ კონსტრუქციული სამუშაო გარემო.