დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, მოადგილეები ალექსანდრე ლომთათიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი საქართველოს პარლამენტის თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდებიან
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, მოადგილეები ალექსანდრე ლომთათიძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი საქართველოს პარლამენტის თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდებიან

საქართველოს პირველი პარლამენტის ოთხი ხელმძღვანელი პირი საქართველოს პარლამენტის თავისუფლების ორდენით დაჯილდოვდება. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ-კარლო ჩხეიძისა და თავმჯდომარის მოადგილეების, ალექსანდრე ლომთათიძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სვიმონ მდივნისათვის ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენ ხვალ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მინდა, შემოგთავაზოთ, რომ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელობა, კერძოდ, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო-ნიკოლოზ ჩხეიძე, ასევე პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები – ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი დავაჯილდოვოთ საქართველოს პარლამენტის თავისუფლების ორდენით და ამისთვის მჭირდება თქვენი თანხმობა. ასევე, გაგაცნობთ, მათ შორის, სიმონ მდივანსაც დიდი ისტორია ჰქონდა. ის გახლდათ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი ელჩი სომხეთში, შემდეგ ის გახლდათ პირველი ელჩი თურქეთში და უკვე როდესაც მოხდა გასაბჭოება, თურქეთიდანვე წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა პარიზში, ლევილში და დასაფლავებული არის ლევილში. ნიკოლოზ ჩხეიძესთან და, განსაკუთრებით, ექვთიმე თაყაიშვილთან დაკავშირებით ალბათ აღარ არის საჭირო საუბარი. იცით, რომ ნიკოლოზ ჩხეიძე ემიგრაციაში იყო 1924 წელს, გარდაიცვალა ემიგრაციაში. დასაფლავებული არის პარიზში. მე გთავაზობთ, რომ საქართველოს პირველი პარლამენტის ოთხი ხელმძღვანელი დავაჯილდოვოთ და ამით ქართველი ხალხის სახელით გამოვხატოთ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა იმ ღვაწლისთვის, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და პირველი რესპულიკისთვის საფუძვლის ჩაყრა. ამიტომ გთხოვთ თანხმობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

„ასევე, გთხოვთ, რომ 28 მაისს სამების ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის ჩამოსვენებასთან დაკავშირებულ პანაშვიდს დავესწროთ. აქედანვე მივმართავ პარლამენტის ყველა წევრს, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ, პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება, ხოლო 28 მაისს ლომთათიძეს დიდუბის სასაფლაოზე დაკრძალავენ.