დამცავი ორდერის გაცემისას, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა სავალდებულო იქნება
დამცავი ორდერის გაცემისას, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა სავალდებულო იქნება

დამცავი ორდერის გაცემისას, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილებები -„ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო სახით წარედგინა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისთვის კურსის დანიშვნა იქნება არა მოსამართლის დისკრეცია, არამედ სავალდებულო საკანონმდებლო დანაწესი.

ამასთან, მოსამართლემ დამცავი ორდერის გამოცემის საკითხთან ერთად კურსის საფასურის გადახდის საკითხზეც უნდა იმსჯელოს. კერძოდ, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, პირი კურსის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს, ასეთ შემთხვევაში კი, საფასურის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
„კურსის ხანგრძლივობა სამ თვეს შეადგენს. წლის განმავლობაში დამცავი ორდერის რაოდენობა საშუალოდ 180 ერთეულს შეადგენს. კურსის განხორციელების პროცესში ჩართულია ფსიქოლოგი, რომელიც მოძალადე პირებთან სეანსებს ატარებს. ერთი თვის განმავლობაში, ფსიქოლოგის ანაზღაურება საშუალოდ 1500 ლარს შეადგენს. კურსის განხორციელებისას ასევე აუცილებელია შესაბამისი ინვენტარის გამოყენება, რაც ერთი ჯგუფის შემთხვევაში საშუალოდ 1000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.