ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში გუშინ და დღეს მე-6 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა და ჯერ მასპინძლებმა ერთხელაც ვერ გაიმარჯვეს.
„გაგრას“ შეეძლო, ლიდერს, „ვიტ ჯორჯიას“ დაწეოდა და პირველზე დაწინაურებულიყო, რადგან მისმა კონკურენტმა გუშინ საშინაო არენაზე აუტსაიდერ „შუქურასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (0:0). მაგრამ „გაგრამ“ გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა და შინ „ცხინვალთან“ დამარცხდა.
ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ შეხვედრაში სტუმრები 35-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა დააწინაურა, ხოლო 45-ეზე მასპინძელთა კარი მეორედ კობა შალამბერიძემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „ცხინვალმა“ 0:2 გაიმარჯვა.
„გაგრა“ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. გუნდის პოზიციაა, რომ სტუმართა კარში ორი პენალტი უნდა დანიშნულიყო, რომელიც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა უყურადღებოდ დატოვა. „გაგრამ“ გაავრცელა ვიდეო, სადაც სადავო ეპიზოდებია ასახული.
ამ მოგებით „ცხინვალმა“ მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა, 8 ქულა დააგროვა და ქულებით მეოთხეადგილოსან მარტვილის „მერანს“ გაუთანაბრდა.