დალია გრიბაუსკაიტე - რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას
ლიეტუვისა და საქართველოს თანამშრომლობა და მეგობრობა ძალიან მაღალ დონეზეა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტის რანგში, ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია ლიეტუვაში.
„მიხარია, რომ ვხვდები მას ჩვენს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ერთ-ერთი პირველი უცხოური ვიზიტი. ჩვენს ორ ქვეყნას შორის მეგობრობა, თანამშრომლობა, უკვე ძალიან მაღალ დონეზეა. გასულ წელს ერთად, ჩვენ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წელი ვიზეიმეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მდებარეობენ, ასეულობით კილომეტრი გვაშორებს, მაინც ძალიან ახლოს ვართ და ახლო ურთიერთობაში ვიმყოფებოდით“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
როგორც მან აღნიშნა, ლიეტუვა მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
„ლიეტუვა მუდამ საქართველოს გვერდით იდგა თავისი ისტორიის მძიმე წლებში. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ და ვემხრობით მის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, და რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება.
„რა თქმა უნდა, საკმაოდ პრობლემურია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შემუშავებულია მთელი პაკეტი ღონისძიებებისა, რომელიც მიღებულია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. ეს გახლავთ სამომავლო ნაბიჯები და მიმართულია იმ ადამიანების სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებიც დარჩნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ახლაც იქ ცხოვრობენ. მივესალმებით საქართველოს მთავრობის მცდელობასა და ძალისხმევას, დაიცვას ეს ტერიტორიები ოკუპანტებისგან და ვუერთდებით ამ ტერიტორიების საბოლოოდ დაბრუნებას საქართველოსთვის“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დალია გრიბაუსკაიტეს დღეს ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზების საკითხებიც განიხილეს.