დალია გრიბაუსკაიტე - ომის მიმდინარეობა აჩვენებს დასავლეთის მერყეობას და გაუბედაობას, უკრაინაში იარაღი ჩადის გვიან და არა იმ რაოდენობით, რომ რუსეთი დამარცხდეს
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს. დალია გრიბაუსკაიტე მიიჩნევს, რომ ისინი უკრაინას შეიარაღებას ძალიან გვიან და ცოტას აძელევენ. ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
„საერთო ჯამში, ომის მიმდინარეობა აჩვენებს დასავლეთის მერყეობას და გაუბედაობას. დასავლეთმა დროულად ვერ გადაწყვიტა, მაგრამ როდესაც გაბედა, მაშინ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. იარაღი უკრაინაში ჩადის გვიან და არა იმ რაოდენობით, რომ უკრაინაში რუსეთი დამარცხდეს. ამიტომ ომის მიმდინარეობა დიდწილად არის განპირობებული გაუბედაობით. თუ გამართლდება ვარაუდი, რომ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულად დარჩება, ეს იქნება დასავლეთის არჩევანის ბრალი. უკრაინელები გმირულად იბრძვიან და შეუძლიათ, გააჩერონ რუსეთი ბრძოლის ველზე. თუ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
მისივე თქმით, რაც არ უნდა გაძლიერდეს ნატო-ს პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე, საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიების ფორმირება ახლა უკრაინაში ხდება.
„საუკეთესო დაცვის უზრუნველყოფა მოხერხდება, თუ რუსეთის არმია დამარცხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე. ეს ძალიან შეასუსტებდა რუსეთის იმპერიულ ამბიციებს სამომავალოდ. ეს ნამდვილად ყველაზე მყარი გარანტიაა ჩვენთვის“, – განაცხადა ლიეტუვის ექს-პრეზიდენტმა.