დაკითხვიდან გამოსულ პეტრო პოროშენკოს უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს შენობასთან, დაკითხვიდან გამოსულ პეტრო პოროშენკოს უცნობმა პირებმა კვერცხები ესროლეს.
გამოცემა „ინტერფაქს უკრაინის“ ინფორმაციით, შენობასთან იმყოფებოდნენ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. აქციაზე, სადაც პოროშენკოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვდნენ, რამდენიმე მონაწილემ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის კვერცხების სროლა სცადა, თუმცა კვერცხები ჟურნალისტებს მოხვდა. ამის შემდეგ, ინციდენტში პოლიცია ჩაერია და აგრესიული მომიტინგეები დაიმალნენ. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ ავტომობილში ჩაჯდომა მოასწრო და მომხდარის შედეგად არ დაზიანებულა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანია „პრიამოის“ შეძენის საქმეზე საგამოძიებო ბიუროში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. პეტრო პოროშენკოს ადვოკატის, იგორ გოლოვანის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მოწმის სტატუსით სამ საქმეში ფიგურირებს.