დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქციას მართავენ
დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქციას მართავენ

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი ზუგდიდის პროკურორ ლევან სალიასთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე ბესიკ დგებუაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ამასთან, დაკავებულის დედა ამბობს, რომ აქციის მონაწილეები 19 მაისს დაგეგმილ მერის შუალედური არჩევნების გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

საქმეზე, რომელშიც დგებუაძე ფიგურირებს, გამოძიება მიმდინარეობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცრუ ჩვენების მიცემის მუხლებით.

დაკავებულის მამის, ვლადიმერ დგებუაძის თქმით, მისი შვილი ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და დღემდე სხეულში ორი ტყვია აქვს.

როგორც ვლადიმერ დგებუაძე ამბობს, პოლიცია ბესიკ დგებუაძისგან ითხოვს, დაასახელოს, ვინ ესროლა, თუმცა მის შვილს ეს ინფორმაცია არ აქვს.

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესიკ დგებუაძე დააკავეს, რაც შეეხება ჯონი დგებუაძეს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.