„დაიცავი ბათუმი" და საზოგადოება „ბათომი" ხელისუფლებას ბათუმში ქაოტური მშენებლობების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ
საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი” და საზოგადოება „ბათომი” პრემიერ-მინისტრს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს წერილით მიმართავენ.
ორგანიზაციები მიმართვაში მოითხოვენ, შეწყდეს ქალაქში ქაოტური მშენებლობები და ამოქმედდეს ძველი ბათუმის დაცვის ზონა.
„თქვენ ჩვენზე უკეთ იცით, რომ ბათუმი რამდენიმე წელია, სამშენებლო კოლაფსის ერთგვარი ცენტრია. იმას, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ვერ ვუწოდებთ არასწორ ურბანულ პოლიტიკას, ეს სრული ქაოსია.
საკმარისია! დასვით წერტილი და ბოლო მოუღეთ ურბანულ ქაოსს, თორემ ამ სფეროში კორუფციის ჭაობი ანადგურებს ყველა ღირებულებას,” – ნათქვამია წერილში.
ორგანიზაციები ამბობენ, რომ ქალაქის ისტორიული ზონის დამტკიცება ხელოვნურად ჭიანურდება, საზოგადოებას კი კითხვები აქვს, როგორც რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობასთან, ასევე ე.წ. ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით.
„გვაქვს კონკრეტული კითხვა ბათუმის მერთან – რა გიშლის ხელს „ისტორიული ზონის საზღვრების დადგენის შესახებ“ პროექტი იქცეს დოკუმენტად? ვითხოვთ სასწრაფოდ დამტკიცდეს ზონა! გაიგზავნოს „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დასამტკიცებლად,” – ამბობენ ორგანიზაციის წევრები.
წერილს უკვე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
„ეს საკითხი თვითმმართველობის კომპეტენციაში შედის და მე გამიჭირდება შინაარსობრივად ვიმსჯელო. ჩვენ ამ ჯგუფებთან აქტიურ კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენივე მხრიდან არის სურვილი, რომ ეს კომუნიკაცია გაგრძელდეს, მაგრამ არის საჭირო ინტერესთა ბალანსი. არ შეიძლება ანალიზის გარეშე მივიღოთ, გადაწყვეტილებები. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც იმავე აზრზე ვრჩებით, რომ ქალაქისა და ბათუმელების ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება თუნდაც სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით, სწორედ ამ ინტერესებით გათვალისწინებით მიიღება”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.