„დაიცავი ბათუმი“ ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებს
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი ბათუმი“ ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებს. მორიგი საპროტესტო აქცია მათ დღეს ვარდების სკვერში გამართეს.
„არ დავუშვებთ ამ მავნებლობას. ეს არის ქალაქის ნგრევა და არა შენება, ყველა ბათუმელის აზრი გასათვალისწინებელია“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ზეინაბ დიასამიძე.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. მათი თქმით, ცათამბჯენები ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის და ქალაქს ვენტილაციის საშუალებას უკეტავს.
„ხელისუფლებას არ ესმის ქალაქის ხმა და ჩვენ ყველა საშუალებით, აქცია იქნება თუ სასამართლო, ვეცდებით, ეს ხმა გავაგონოთ და ვაიძულოთ, შეწყდეს ეს დამანგრეველი პროცესი“, – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ.
სანაპიროზე რივიერას განაშენიანების პროექტს კომპანია „სილქ როუდი“ ახორციელებს, ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ განაშენიანების ნებართვა პროექტთან დაკავშირებით უკვე გასცა.