დაცვის მხარე აცხადებს, რომ ლაშა გოგიასა და გია გულორდავასთვის ბრალის წარსადგენად მტკიცებულებები არ არსებობს
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს ადასტურებს, – ამის შესახებ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
მისივე თმით, საქმეში არსებული ჩანაწერი ე.წ. პროვოკატორის მიერ არის მოპოვებული.
„ერთი კაცის ჩვენებით არის ამდენი ხალხი დაჭერილი. ხელისუფლებას ინტერესი ჰქონდა პიარი აეგორებინა, ვითომ კორუფციას ებრძვიან. სასჯელს იხდიან უდანაშაულო ადამიანები. ეს საქმე ძალიან ბევრს შეიწირავს. არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში, ეს სამარცხვინო საქმეა და კრახით დასრულდება. ეს ყველაფერი სრული ბლეფია“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი კი ამბობს, რომ მტკიცებულებები და სტანდარტი, რომელიც ბრალის წარსადგენად იყო საჭირო, არ არსებობს.
„იმედი მაქვს, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია. არ არსებობს მტკიცებულებები და სტანდარტი, რომელიც ბრალის წარსადგენად იყო საჭირო. ჩანაწერზე ვიტყვი, რომ ეს არის ერთი პირის მიერ განხორციელებული მისთვის სასარგებლო ჩანაწერი. საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ერთი აუდიოჩანაწერის საფუძველზე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა“, -განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე დღეს პირველი არსებითი განხილვა იმართება. მათთან ერთად განიხილავენ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმეებს.
არსებით განხილვაზე წარმოდგენილი იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულებები.