ზუგდიდის ყოფილი მერისა და ყოფილი ვიცე-მერის საქმეზე მოწმის გამოკითხვისას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდის ყოფილი მერისა და ყოფილი ვიცე-მერის საქმეზე მოწმის გამოკითხვისას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ბრალდების საქმეზე დღეს ექსპერტები და გამომძიებელი დაკითხეს. ერთ-ერთი ექსპერტის დაკითხვისას ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატი მოწმისთვის კითხვის დასმას შეეცადა, თუმცა ბრალდების მხარემ გააპროტესტა და კითხვის მოხსნა ითხოვა, რადგან მისი განცხადებით, კითხვა ამ ექსპერტის დასკვნას არ უკავშირდებოდა. ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით კი, ბრალდების მხარე მოწმეს კარნახობდა, თუ რა უნდა ესაუბრა. ასევე, მისი განცხადებით მიუღებელია გამოძიებას და ექსპერტიზას ერთი და იმავე სტრუქტურა ატარებდეს. საბოლოოდ, მოსამართლემ დაცვის მხარის კითხვა მოხსნა, რადგან მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძის განცხადებით, საკითხი არ ეხებოდა ექსპერტის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას.

სასამართლოზე ის ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებმაც მობილურ ტელეფონებზე ჩაატარეს ექსპერტიზა და მათ შორის, აღადგინეს ტელეფონიდან წაშლილი ფაილები. თუმცა, რა ფაილებია, ექსპერტების განცხადებით, უცნობია რადგან მან ეს ინფორმაცია კომპიუტერში ერთ-ერთ ფაილში გადაიტანა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს სწორედ ის ჩანაწერებია, რომლითაც გამოძიება ადასტურებს, რომ ბრალდებულმა პირებმა ქრთამი აიღეს.

ქრთამის აღების ბრალდებით, საქმეზე დაკავებულები არიან ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა, ხოლო მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, თენგიზ ქობალიას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება აქვს წარდგენილი.

საქმის განხილვა 26 მარტს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.