ლაშა გოგიასა და გია გულორდავას საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებზე ისაუბრებს
ლაშა გოგიასა და გია გულორდავას საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებზე ისაუბრებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე დღეს პირველი არსებითი განხილვა იმართება. მხარეებმა შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვან.

მათთან ერთად განიხილავენ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმეს.

როგორც საქმის პროკურორი ბექა ეჟიშვილი აცხადებს, არსებით განხილვაზე წარმოდგენილი იქნება  მთელი რიგი მტკიცებულებები.

„იქნება წარმოდგენილი შესავალი სიტყვა. ვისაუბრებთ მტკიცებულებებზე, ვაპირებთ წარმოვადგინოთ  ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდეგ სასამართლო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს”,-განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.
სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

წინა სხდომაზე ადვოკატებს გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა ჰქონდათ დაყენებული, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გოგიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, გია გულორდავას ადვოკატი კი, 10 000-ლარიან გირაოს. რაც შეეხება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, თენგიზ ქობალიას, მისმა ადვოკატმა 65 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა არც მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებული ხუტა ბაღათურიას შუამდგომლობა, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ბაღათურიას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.