ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის ლ.გ-ს და გ.გ-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა), მოსახდელად დარჩენილი ვადა უფრო მსუბუქი სასჯელით – შინაპატიმრობით შეეცვალათ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა განუცხადა, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

„შუამდგომლობით არავის მიუმართავს, ეს არის კანონით გათვალისწინებული, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ყველა პატიმარს ეხება ზოგს შინაპატიმრობა, ზოგს ვადაზე ადრე გათავისუფლება. ჩვენი არის შინაპატიმრობა. შინაპატიმრობაში დაახლოებით სამი-ოთხი დღეა ვარ, რომელიც კანონით გვეკუთვნოდა პირველი მარტიდან“, –  განაცხადა გულორდავამ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ისინი შარშან, პირველ ნოემბერს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

ლაშა გოგიას და გია გულორდავას პატიმრობის ვადა ნოემბერში ეწურებოდათ.

დატოვე კომენტარი