დაჩი ბერაიას განცხადებით, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას განცხადებით, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
როგორც ჟურნალისტებს დაჩი ბერაიამ განუცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება, რაც დღეს მოქმედებს.
„ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. საზოგადოებაში საკითხზე დისკუსია გავხსენით, მათი პოზიცია უნდა მოვისმინოთ. რეგიონებში შეხვედრები მქონდა და მათი მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი რატომ არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ორპალატიანი პარლამენტის თაობაზე, ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ამის შემდეგ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა“, – აცხადებს ბერაია.
დეპუტატის ოპოზიციის საპროტესტო აქციებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არ არის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. მისივე თქმით ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ ორგანიზებული აქცია.
„ნახეს, რომ ეს პროცესი ქუჩაში ვერ გადაიტანეს და ახლა ცდილობენ, ათკაციანი ჯგუფებით ილუზიის შექმნას, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარია. ეს ასე არ არის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, ყველა საშუალებით ცდილობენ, ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. იციან, რომ საზოგადოება მხარს არ უჭერთ და ლამაზი სახელებს ამოფარებულებს უნდათ, პარლამენტში წარმომადგენლები გაიყვანონ“, – აღნიშნა დაჩი ბერაიამ.