დაჩი ბერაია - გიგა ბოკერიას ურჩევნია, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და შემდეგ ილაპარაკოს რევოლუციაზე
დაჩი ბერაია - გიგა ბოკერიას ურჩევნია, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და შემდეგ ილაპარაკოს რევოლუციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მასთან დადებული სანაძლეო „ჩააბაროს“.

როგორც ჟურნალისტებს ბერაია განუცხადა, სანაძლეო ეხებოდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხობში 40 პროცენტზე მეტს აიღებდა, რაზეც ბოკერიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„რევოლუციის ლეგიტიმაცია რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ გიგა ბოკერიას ურჩევნია, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და შემდეგ ილაპარაკოს რევოლუციაზე და სხვა რამეზე. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავნაძლევდით, ეს მალევე უნდა გადაეხადა, მაგრამ დღემდე არ ჩაუბარებია. ჩემამდე რაც მოვუგე, არ მოუტანია. იმდენად დიდი დრო გავიდა, აღარ მგონია, რომ ჩააბარებს“, – აღნიშნავს ბერაია.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, რა წააგო ბოკერიამ. „სანაძლეოს სახეს საიდუმლოდ დავტოვებ“, – დასძინა მან.