დაჩი ბერაია - არცერთი შეშფოთება, სანქცია არ ყოფილა, როცა მართლაც სისხლიანი რეჟიმი იყო საქართველოში და დღეს სანქციებისთვის აბსურდული მიზეზი მოიგონეს
გამჭვირვალობის ამ ადამიანებს არა მარტო საქართველოში, ამერიკაშიც ეშინიათ, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია ამერიკის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებას.
ბერაიას თქმით, ამერიკამ საქართველოს პარლამენტის წევრები კანონის მიღების გამო პირდაპირ ვერ დაასანქცირა და ამიტომ რაღაც გამოგონილი მიზეზით შემოიღეს ეს შეზღუდვები.
„გამჭვირვალობის კანონის გამო ამერიკამ გაუმჭვირვალედ დაასანქცირა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები. ანუ, რასთან გვაქვს საქმე – გამჭვირვალობის ამ ადამიანებს არა მარტო საქართველოში, ამერიკაშიც ეშინიათ. რას ნიშნავს ეს, სახელს და გვარებს არ დავასახელებთ, მათაც არ შევატყობინებთ?! ჩემთვის ყველაზე გასაოცარი იყო ის ამბავი, რომ კონფიდენციალურობის დაცვა თუ იყო და მოსამართლეების შემთხვევაში შეიძლებოდა სახელებისა და გვარების დასახელება, თუმცა არ თქვეს მიზეზი, ახლა პირიქით, რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს და არ დაასახელეს სახელები და გვარები. ეს დააბრალეს კონფიდენციალურობას და ეს კამპანია გასაკვირია. ჩემთვის ეს ფენომენი ამოუხსნელია. არცერთი შეშფოთება, სანქცია არ ყოფილა მაშინ, როცა მართლაც სისხლიანი რეჟიმი იყო საქართველოში და დღეს რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს სანქციებისთვის. ეს ალბათ დაკავშირებულია იმასთან, რომ დეპუტატები კენჭისყრისთვის და მხარდაჭერისთვის ვერ დაასანქცირეს, ვერ დაუწესეს შეზღუდვები და რაღაც აბსურდული მიზეზები მოუგონეს, ამას სხვა ახსნა არ აქვს“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.