დაბა მანგლისთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა
დაბა მანგლისთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა

დაბა მანგლისთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, წალკიდან კოდის მიმართულებით მოძრავმა “მერსედესის” მარკის სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

„ადგილზე გარდაიცვალა ორი მგზავრი, დაშავებულია  ავტომანქანაში მსხდომი 17 მგზავრი, რომლებიც მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“,- განაცხადეს შსს-ში.

ავარიის დროს დაშავებული ოთხი ადამიანი თბილისში, პირველ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც პირველ არხს საავადმყოფოს მიმღებში განუცხადეს, ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, ხოლო სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მიკროავტობუსის მგზავრები ფოკას დედათა მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდნენ.