დაბა ჩოხატაურში ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა
დაბა ჩოხატაურში ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა

დაბა ჩოხატაურში ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა ოთხივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და თითოეულ დაკავებულს 7 000-ლარიანი გირაო (ქონების უზრუნველყოფით) შეუფარდა. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთხივე პირს აეკრძალა დავით მჟავანაძესთან მიახლოება, რომელზე ძალადობასაც ედავებიან დაკავებულებს.

პროკურორ ლევან თედიაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

,,ბრალდების მხარემ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ოთხი პირი დააკავა ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოთხმა პირმა 20023 წლის 3 სექტემბერს დაბა ჩოხატაურში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩაიდინა ძალადობა დაზარალებულთან მიმართებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ოთხივე პირს ბრალდების მხარემ წარუდგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ბრალდებულებთან მიმართებაში ბრალდების მხარემ სასამართლოში იშუამდგომლა პატიმრობა, კონკრეტულ პირებთან მიმართებაში მათი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მოთხოვნილი იყო პატიმრობა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. აღნიშნული გასაჩივრდება ბრალდების მხარის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა, ლევან კლდიაშვილმა.

ადვოკატ მერაბ ფუტკარაიას განცხადებით, დანაშაულის სიმძიმისა და ხარისხიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

,,დანაშაულის სიმძიმისა და ხარისხიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებშიც, სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რეალურია ის, რაც ბრალდებულებს შეეფარდათ. ბრალდებულებმა გამოიყენეს დუმილის უფლება. ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ, სასამართლო პროცესებზე გაირკვევა,“ – განაცხადა ადვოკატმა, მერაბ ფუტკარაიამ.

საქართველოს პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.