დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 31 წლის მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მედიკოსთა ცნობით, პაციენტს ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, თუმცა სტაბილური.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პაციენტის დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით, ყველა შესაძლო და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით, გაემგზავრა ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის რეანიმატოლოგთა ბრიგადა დანიშნულების ადგილზე, სადაც პაციენტი იმყოფებოდა იმ დროის მონაცემებით. ეს იყო ქარელის ერთ-ერთი კლინიკური საავადმყოფო, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია მას. პაციენტის მდგომარეობა ადგილზეც და გადმოყვანის შემდგომაც შეფასდა და გამოკვლევების შემდგომ საჭირო გახდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც ჩატარდა კიდეც მიუხედავად თავისი სირთულისა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებები ამ დროისთვის გამოიხატა ძირითადად თავის არეში, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობა ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მარინე გელანტიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზის სარეზერვო ზოლში იყო გაჩერებული, რა დროსაც მას დასავლეთის მიმართულებით დიდი სისწრაფით მოძრავი ტრაილერი უკანა მხრიდან შეეჯახა. მომხდარის შედეგად, საპატრულო ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ორივე წევრი, თუმცა, 31 წლის მამაკაცის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.