დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 2015-2019 წლებთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 2015-2019 წლებთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ყველა მიზეზით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა აღემატება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 49 074 ადამიანი გარდაიცვალა, 2015-2019 წლებში კი გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 48179 იყო.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 46 659 ადამიანი გარდაიცვალა. დოკუმენტში ცალსახად არ არის ნათქვამი, რომ გარდაცვალების წლიური მაჩვენებელი უშუალოდ კორონავირუსს უკავშირდება, თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველოში 2020 წლის პირველი 10 თვის პერიოდში ყველა მიზეზით გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა ნაკლები იყო 2019 წელთან შედარებით 0.6 პროცენტით. სექტემბრიდან კი, კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად, აღინიშნა ლეტალური შემთხვევების ზრდა და 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ყველა მიზეზით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე აღემატება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება „კოვიდ-19“-ის ლეტალობის მაჩვენებელს, ანგარიშში „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“, ნათქვამია, რომ 2020 წლის 24 დეკემბრიდან დაიწყო კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების შემცირება. გარდაცვალების დღიური შემთხვევები ერთ მლნ მოსახლეზე შემცირდა 11.6-დან 8.2-მდე (31 დეკემბერი).

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით დაავადებულებში ლეტალურად დასრულდა 2 528 შემთხვევა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.1%). ამასთან, „კოვიდ-19“–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 43 პროცენტს შეადგენდნენ, 30 პროცენტი – 70-79 წლის, ხოლო 27 პროცენტი 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა. სქესის მიხედვით, 55.4 პროცენტს შეადგენდნენ კაცები და 44.6 პროცენტს – ქალები.