დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კონსტანტინე გვეტაძის ინფორმაციით, მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.
„ფაქტობრივად, მესტიის მუნიციპალიტეტის 90 % უკვე მოცულია, თავისი სოფლებით, თავის დაბით. დღეს კიდევ დაემატა აღებული 246 ნიმუში და ჯამში რაც ეს პროცესები დაიწყო, 3 367 ადამიანია გატესტილი. ჩანს, რომ დაზარალებულ ზონაში დადასტურებული შემთხვევების მატება არის ძალიან ცოტა.
დღეს გაძლიერდა ეპიდემიოლოგიური ბრიგადა, ეპიდემიოლოგთა შტაბი შეიქმნა. არის ექვსი ეპიდემიოლოგი, რომლებიც არიან მუდმივ კონტაქტზე თბილისთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები. დღეის მდგომარეობით, მესტიაში დაავადებულების ყველა ადგილობრივი კონტაქტი გამოკვლეულია და მათზე მეთვალყურეობა დამყარებულია. ხვალინდელი დღე რას მოგვცემს, ესეც მნიშვნელოვანია. ვაგრძელებთ კვლევებს და მუშაობას“, – განაცხადა კონსტანტინე გვეტაძემ.