დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ცენტრის ცნობით, სექტემბრიდან დღემდე კახეთში „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 181-ს შეადგენს.

ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: ახმეტა -21, გურჯაანი – 24, დედოფლისწყარო – 5, ყვარელი – 36, სიღნაღი – 26, ლაგოდეხი – 23, თელავი – 45, საგარეჯო – 1.

ინფიცირებულთაგან 31 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 85 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება  ბინაზე, ხუთი იმყოფება კარანტინში, 60 პირი კი გამოჯანმრთელდა. როგორც აღინიშნა, არც ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. კახეთის რეგიონში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამ საკარნტინო სივრცეში (სასტუმროში) ამჟამად იზოლირებულია 159 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 532 პირი.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამი ცხელების ცენტრი მუშაობს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, სრულყოფილად ვერ ხერხდება თელავის პირველი საჯარო სკოლის დაინფიცირებული პედაგოგის კონტაქტების იდენტიფიცირება. ამიტომ, ხიზანიშვილის თქმით, ტესტირება სკოლის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.

„პედაგოგს კონტაქტი ჰქონდა თითქმის ყველა მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან. სპეციფიური ობიექტური და სუბიექტური გარემოებების გამო, ვერ ხერხდება სრულყოფილად კონტაქტების იდენტიფიცირება. სკოლის ადმინისტრაციის, რესურს ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროტოკოლის გათვალისწინებით, ყველა პირს ჩაუტარდება ტესტირება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.