დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის პირველ სამ თვეში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12 474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია
საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12 474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13 011) 4%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო, 2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი – 12 335.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელებამ ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემები ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია არსებობს აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით და გავრცელების ზუსტი მასშტაბების დადგენაც საკმაოდ რთულია, მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.
მომატებული სიკვდილიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვდილიანობა, ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში და ნიდერლანდებში“, – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში.