დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ზოგ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ხდება დაავადების გავრცელების მიზეზი, რაც მოხდა ე.წ. საბურთალოს კლასტერის შემთხვევაში
ზოგ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ხდება საზოგადოებაში დაავადების გავრცელების მიზეზი, რაც მოხდა ე.წ. საბურთალოს კლასტერის შემთხვევაში, – ამის შესახებ კორონავირუსის მიმდინარეობის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ანგარიშში არის აღნიშნული.
„ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გახდა შემდგომი 27 შემთხვევის ინფიცირების პირველადი წყარო (ინდექს შემთხვევა). კლასტერის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა 2020 წლის 27 მაისს, „პისიარ“ კვლევის შედეგად. სეროლოგიური კვლევით (ELISA-მეთოდი) ინდექს შემთხვევად იდენტიფიცირებულ იქნა მედიცინის მუშაკი. ეპიდკვლევამ გამოავლინა მრავლობითი ახლო კონტაქტი, რომლებიც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი. კონტაქტების მიდევნებისას 28-30 მაისს იდენტიფიცირებულ იქნა დამატებით 13 დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 14 და 8 შემთხვევა, შესაბამისად, მეორეული შემთხვევების ეპიდკვლევითა და მიდევნებით დამატებით გამოვლინდა კიდევ ხუთი შემთხვევა, რომლებიც კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში.
დადასტურებული 28 შემთხვევიდან ოთხი არის 16 (18) წლამდე და 1 – 80 წელზე უფროსი ასაკის. სულ, 11 ივნისისთვის, „საბურთალოს კლასტერი“ მოიცავს 28 დადასტურებულ შემთხვევას. კონტროლის ღონისძიების ფარგლებში მოძიებული და ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნა 211 კონტაქტი. კარანტინში გადაყვანილი იქნა 106 პირი. თვითიზოლაციაში მყოფი 92 პირის მონიტორინგი განხორციელდა შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ. აღნიშნულ კლასტერში შემავალი შემთხვევების 82,1% (23/28) ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით. ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში (3,6% – 1/28) აღინიშნა კრიტიკულად მძიმე კლინიკური მიმდინარეობა (პაციენტი მამაკაცი, 48 წლის, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე)“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის 101 სამედიცინო პერსონალია, მათგან ერთი გარდაიცვალა.