დაავადებათა კონტროლის ცენტრი - კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის 11 პროცენტი უსიმპტომო იყო
კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის 11 პროცენტი ასიმპტომური იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არის ნათქვამი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის მიმდინარეობას ეხება.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემთხვევები ასიმპტომური იყო „პისიარ“ ტესტირების დღეს, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, მოგვიანებით შესაძლოა, გამოვლენოდათ გარკვეული სიმპტომები. ყველა შემთხვევის კლინიკური მიმდინარეობის დეტალური კვლევა გრძელდება და ციფრი განახლდება მომდევნო ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, პაციენტთა ყველაზე დიდ ნაწილს – 57,3 პროცენტს ცხელება აღენიშნებოდა, 24,6 პროცენტს ხველა, 17 პროცენტს ყელის სიმშრალე და ტკივილი, 14,5 პროცენტს თავის ტკივილი, 11 პროცენტს ზოგადი სისუსტე, სურდო უფიქსირდებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ 10,1 პროცენტს, დიარეა 9,6 პროცენტს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სიმპტომების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება პრობლემატური აღმოჩნდა 166 შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით, კერძოდ – ენობრივი ბარიერი, გახსენების მიკერძოება, სიმპტომების აღქმის განსხვავებული მიდგომა, სტიგმატიზაცია. აღნიშნული შემთხვევები კონცეტრირებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში და შეადგენდა ამ რეგიონში გამოვლენილი შემთხვევების 58.4 პროცენტს.