დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაწესებულებებს კონდიცირებული გარემოს შექმნას ურჩევს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაწესებულებებს კონდიცირებული გარემოს შექმნას ურჩევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულის პერიოდში დაავადებები და სხვადასხვა ინფექცია მომრავლებულია და დახურულ სივრცეებში აუცილებელია კონდიცირების სისტემა დამონტაჟებული იყოს, რათა იქ დასაქმებულ თუ სასწავლებლად მისულ მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ.
ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციების გაცნობა ცენტრის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ჩვენს ვებგვერდზე დევს რეკომენდაციები. იცით, რომ ამ დროს განსაკუთრებით აქტიურდება ტკიპები და გადამტანი დაავადებები. ასევე ვებგვერდზე დევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით. სასურველია, რომ ყველა დახურულ შენობაში კომფორტული გარემო იქნას შექმნილი რათა ადამიანის სამუშაო ან სასწავლო პირობები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს. ასეთ რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად გასცემს, მათ შორის ერთ-ერთია ჰიგიენა. წყლით გადამდები დაავადებები აქტივდება ამ დროს, ასევე სხვადასხვა ინფექცია, ამიტომ მოქალაქეებს ამ რეკომენდაციების ნახვა ჩვენს ვებგვერდზე შეუძლიათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.