ცვეტა კარაიაჩევა - ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს
ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ცვეტა კარაიაჩევას განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს.
ცვეტა კარაიაჩევა დღეს ქართველ კოლეგას ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
კარაიაჩევას თქმით, მხარეები ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს დადებითად აწარმოებენ.
„ამის დადასტურება პარტნიორობის შესახებ საქართველოს პარლამენტსა და ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეას შორის დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებაა. დოკუმენტის თანახმად, ორივე მხარე ისწრაფვის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია გააძლიეროს. ყველამ იცის, რომ ბულგარეთი ევროსაბჭოს თავმჯდომარეა, რამაც დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რომ ჩვენი ურთიერთობები გავაღრმავოთ. დადებითად ვაფასებ, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჩაწერილია სურვილი, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდეს. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც იქონიოთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პარლამენტში, ვიზალიბერალიზაციის საკითხებში მომხსენებელი ბულგარელი ევროდეპუტატი მარია გაბრიელი იყო, რომელიც დღეს ევროკომისარია. ამავე კონტექსტში, მინდა, მაღალი შეფასება მივცე ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის, უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმის, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის სფეროებში”, – განაცხადა კარაიაჩევამ.