ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის საქმის სასამართლო სხდომაზე ზვიად კუპრავას ჩვენება გამოიკვლიეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის სხდომაზე ზვიად კუპრავას ჩვენება გამოიკვლიეს. საუბარია ჩვენებაზე, რომელიც კუპრავამ ზაფხულში დროებითი საგამოძიებო კომისიის დეპუტატებს მისცა.
შემდეგ სხდომაზე ასევე გამოიკვლევენ საქმის პროკურორების, ზვიად ფხაკაძისა და ინა გუგუშვილის ჩვენებებს.
ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასრულწლოვან დ.ღ-ს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელი არ შეუშლია.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, დაცვის მხარეს მაინც აქვს უფლება საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლოში წარმოადგინოს საკუთარი მტკიცებულებები და მოახდინოს მათი დემონსტრირება და არა გამოკვლევა. ადვოკატი აცხადებს, რომ სწორედ ეს ჩვენებები დაადასტურებს, რომ ა მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალეს საქმის პროკურორებმა და გამომძიებელმა.
პროკურორი ბესიკ ქვარცხავა კი, აცხადებს, რომ დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე ახალი არაფერი წარმოუდგენია.
„დღეს გაგრძელდა საქმის არსებითი განხილვა დ.ღ-ს საქმეზე. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების გამოკვლევა და მტკიცებულებების დემონსტრირება. სამწუხაროდ, სხვა არაფერი წარმოუდგენიათ, არადა სასამართლოს ჰქონდა დრო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითხოვს, რომ სწრაფად მოხდეს საქმის განხილვა, მაგრამ მათ მეტი არაფერი წარმოადგინეს. პირი, რომლის ახსნა-განმარტებაც მოვისმინეთ ვიდეოს მეშვეობით, სასამართლო პროცესზეც იყო გამოცხადებული. მას დაესვა კონკრეტული შეკითხვები და სასამართლოს მისცა ინფორმაცია. დადასტურდა ბრალდებულის მიმართ დადგენილი ბრალად შერაცხული ქმედების გარკვეული კომპონენტები”,-განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.
არასრულწლოვანი დ.ღ ზაფხულში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ის შეხვდა დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და მასთან საუბარი ჰქონდა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა სასამართლოში ეს ინფორმაცია არ გააჟღერა. ამ დრომდე დ.ღ თავს უდანაშაულოდ ცნობს. არასრულწლოვანი თითქმის 6 თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ მისთვის აღკვეთის ღონისძიების მძიმე ფორმა შედარებით მსუბუქით შეიცვალა და მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
შემდეგი სხდომა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.