COVID-19-ის ვაქცინების გვერდით რეაქციათა 60 პროცენტზე მეტი შესაძლოა, უბრალოდ ნოცებოს ეფექტი იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
COVID-19-ის ვაქცინების გვერდით რეაქციათა 60 პროცენტზე მეტი შესაძლოა, უბრალოდ ნოცებოს ეფექტი იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ადამიანის გონება ძალიან ძლიერი რამ არის.

45 000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებში განვითარებულ გვერდით რეაქციათა უმეტესი ნაწილი შეიძლება, ნოცებოს ეფექტი იყოს.

ნოცებოს ეფექტი პლაცებოს ეფექტის ერთგვარი „ტყუპისცალია“. ხდება მაშინ, როდესაც მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს ნეგატიური გვერდითი ეფექტები იმიტომ უვითარდება, რომ ამას ელოდებოდა.

12 რანდომიზებული, პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური ცდის მეტა-ანალიზში, ბოსტონის ჰოსპიტალ Beth Israel Deaconess Medical Center-ში (BIDMC),მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ გვერდითი ეფექტების 64 პროცენტამდე შემთხვევა შეიძლება სწორედ ამ სახის მღელვარებასთან იყოს დაკავშირებული.

„რანდომიზებულად კონტროლირებად ცდებში პლაცებოთი მკურნალობისას ხშირია გვერდითი მოვლენები. ვაქცინების ცდებში ნოცებოს გამოვლინების შესახებ სისტემურ მტკიცებულებათა შეგროვება მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინაციისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ვაქცინაციისგან თავის შეკავების მიზეზი ხდება შიშები გვერდითი ეფექტების შესახებ“, — ამბობს მკვლევარი ჯულია ჰაასი.

ჯგუფის მიერ შესწავლილ 12 კლინიკურ ცდაში ჯამში 45 380 პაციენტი მონაწილეობდა. რეალური ვაქცინა მათგან 22 802-ს ჰქონდა გაკეთებული. დანარჩენ 22 578 პაციენტს კი პლაცებო; ეს გახლავთ უსაფრთხო ნივთიერება ყოველგვარი სამედიცინო ღირებულების გარეშე, მაგალითად, მარილწყალი. არც ერთმა პაციენტმა არ იცოდა, ვაქცინა გაუკეთეს თუ პლაცებო.

პირველი ინექციის შემდეგ, ვაქცინამიღებულ პაციენტთა 46,3 პროცენტი იუწყებოდა სისტემური გვერდითი მოვლენების შესახებ, რაც გავლენას ახდენდა მთელ სხეულზე, ყველაზე ხშირად კი ეს იყო თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება. პაციენტთა უმეტესობა, 66,7 პროცენტი იუწყებოდა ადგილობრივი გვერდითი ეფექტების, მაგალითად, ნანემსარის ტკივილის ან შესივების შესახებ.

თუმცა, გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა პლაცებომიღებულ პაციენტებშიც; მათგან 35,2 პროცენტი იუწყებოდა სისტემური ეფექტების შესახებ, 16,2 პროცენტი კი ადგილობრივი ეფექტების შესახებ.

ჯგუფის ანალიზების მიხედვით, ორ ჯგუფს შორის თანაფარდობის შედარების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ნოცებოს ეფექტი მოდიოდა სისტემურ ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ გვერდით მოვლენათა 76 პროცენტში, ადგილობრივ გვერდით მოვლენათა შემთხვევაში კი 24 პროცენტში.

ეს რიცხვები მეორე დოზის შემდეგ შემცირდა. გვერდითი ეფექტების შესახებ უფრო ცოტა პლაცებო პაციენტი იუწყებოდა; მათგან 31,8 პროცენტი სისტემური ეფექტების, 11,8 პროცენტი კი ადგილობრივის შესახებ. ვაქცინის პაციენტთა შემთხვევაში გვერდითი მოვლენები გაიზარდა, პაციენტთა 61,4 პროცენტი სისტემური ეფექტების შესახებ იუწყებოდა, 72,8 პროცენტი კი ადგილობრივი ეფექტების შესახებ.

საერთო ჯამში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეორე დოზის შემდეგ, გვერდით რეაქციათა 52 პროცენტი ნოცებოს ეფექტის შედეგი იყო.

გამოდის, რომ ჯამში ყველანაირი გვერდითი რეაქციის 64 პროცენტი შეიძლება ნოცებოს ეფექტის შედეგი იყოს, რაც მკვლევართა განცხადებით იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია რაღაც მოვიმოქმედოთ.

„ისეთი არასპეციფიკური სიმპტომები, როგორებიც არის თავის ტკივილი და დაღლილობა, რაც როგორც ვაჩვენეთ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნოცებოს თვალსაზრისით — ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ“, — ამბობს BIDMC-ის და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პლაცებოს მკვლევარი ტედ კაპჩუკი.

მისი განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამ სახის ინფორმაციის გამო ხალხი შეიძლება არასწორად უკავშირებდეს ვაქცინების შესახებ ყოველდღიურად გაგებულ ინფორმაციას, იწვევდეს მღელვარებას და ძლიერ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ვაქცინის შემდეგ გვერდითი ეფექტები განუვითარდებათ.

წინა კვლევაში ამავე ჯგუფმა აჩვენა, რომ პაციენტებთან ღიად კომუნიკაციამ შედეგები შეიძლება გააუმჯობესოს, განსაკუთრებით პლაცებოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებამ.

იმიტომ, რომ პლაცებოს ეფექტი მართლაც მუშაობს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა პაციენტმა იცის, რომ პლაცებოს იღებს; თუმცა, ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო ნაკლებ გვერდით ეფექტებს ველოდეთ.

COVID-19-ის ვაქცინაციის შემთხვევაში, გვერდითი რეაქციების გამოვლენა შეიძლება შემცირდეს იმითაც, თუ მოხდება პაციენტების ინფორმირება ნოცებოს ეფექტის შესახებ.

„მედიცინა ეფუძნება ნდობას. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ნოცებოს ეფექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირება შეიძლება დაგვეხმაროს COVID-19-ის ვაქცინაციის ირგვლივ მღელვარების შემცირებაში, რამაც საბოლოოდ, შეიძლება ბევრი დაარწმუნოს ვაქცინის მიღებაში“, — ამბობს კაპჩუკი.

კვლევა JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.