ცოტნე ზურაბიანი - ოპოზიციისთვის გვიწევს შეხსენება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით ხელისუფლება ვერ შეიცვლება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალადობით ვერასოდეს მოხდება.
ჟურნალისტებთან საუბარში ცოტნე ზურაბიანმა ყურადღება კომპანია „ფრონტერასა“ და ამერიკელი კონგრესმენების წერილებზე გაამახვილა. დეპუტატი ამბობს, რომ კონგრესის ზოგიერთი წარმომადგენელი აქცენტს „ფრონტერასთან“ დაკავშირებით აკეთებს და მათმა ნაწილმა კითხვები პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებითაც დასვა.
„ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქმე ფაქტობრივ უზუსტობასთან გვაქვს. ტყუილთან, რომლის ტირაჟირებაც მოხდა და მასზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასებაც ვერ იქნება ობიექტური. შეგვიძლია, ძალიან ბევრი მაგალითი მოვიყვანოთ. თუნდაც განცხადება, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერებს დაჭერით დაემუქრა. როგორ შეიძლება, ასეთი დიდი ტყუილი იკადრო? რეალურად, ოპოზიციისთვის იმის შეხსენება გვიწევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალადობით ხელისუფლების ცვლილება ვერასოდეს მოხდება. რაც შეეხება კონგრესმენების წერილებს, იცით, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. საქმე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობასთან პარტიული ხაზით. იცით, რომ პარლამენტში საგარეო ვექტორის წარმმართველი ადამიანები აღარ გვყავს, რომლებიც ამ პროცესს მართავდნენ. ამ კონკრეტულმა ჩავარდნამ კომუნიკაციის პრობლემა გამოიწვია, მაგრამ ეს აღმოფხვრადია, ამაზე ვმუშაობთ და ყველას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.