ცოტნე კობერიძე - დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს
პროდასავლური პარტიების მსხვილი ცენტრის გაკეთება შესაძლებელია. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ ცენტრში ყოფნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და წითელი ხაზია, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პლატფორმას არ შეუერთდა.
ამასთან, ცოტნე კობერიძის თქმით, სხვა პარტიებთან გაერთიანების საკითხზე ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
„აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას არ განვავრცობთ ჩვენს პარტიაზე და დავემშვიდობეთ გიორგი ვაშაძეს, სამეული მოკვდა, აღარ არსებობს. ამის მიღმა წითელი ხაზები არ გვაქვს, არც, მათ შორის, „ლელოსთან“, არც სხვებთან. სერიოზულად თუ დაიძვრება ეს საკითხი, მზად ვართ. ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ახლა ყველა პარტია მაინც გადასულია საკუთარი რეიტინგისა და რესურსების დათვლაზე“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
კითხვაზე, როდის შეიძლება საზოგადოება კონსულტაციებსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ელოდოს, ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ „გირჩი – მეტი თავისუფლებაზე“ არ არის დამოკიდებული.
„მზად როცა იქნება, მათ შორის „ლელო“ და სხვა პარტიებიც, მაშინ გვექნება ჩვენც მზაობა. ზოგადად, ჩვენ გაერთიანებებზე საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ, როცა ყველა ალმაცერად გვიყურებდა, დასცინოდა ამ იდეას და ახლა ყველა დასწრებაზეა, დაიბრალოს, რომ თვითონაა ამ იდეის ინიციატორი“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, პარტია „ლელოსგან“ ხომ არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზება გაერთიანებასთან დაკავშირებით, ცოტნე კობერიძემ განაცხადა:
„გარდა საჯარო და ზოგადი თქმისა, რომ სურთ, მესამე ძალა გაკეთდეს, რაიმე სერიოზული კონსულტაცია არ ყოფილა. გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ დააჩქარა ეს ამბავი, ყველა პოლიტიკოსს მედია უსვამს ამ შეკითხვას და შემდეგ ყველა პოლიტიკოსი სცემს პასუხს, რომ გაჩერებული კი არ არის, არამედ ამ თემებზე მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს შაბლონური პასუხია, სინამდვილეში, ჯერ სერიოზული საუბრები არ არის“, – აღნიშნა ცოტნე კობერიძემ.