ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ სოლოღაშვილის ადვოკატის სარჩელი დასაშვებად ცნო
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი სოლოღაშვილის მიმართ დასაშვებად ცნო ადვოკატის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.
„აღნიშნული საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მიიჩნია, რომ დასაშვებობების ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ჩემს მიერ წარდგენილი საჩივარი და აღნიშნულის საფუძველზე დასაშვებად ცნო. ასევე, ჩანიშნა ზეპირი განხილვის სხდომა 22 დეკემბერს 13:00 საათზე, სადაც უკვე მხარეები დისტანციურად ჩავერთვებით და დისტანციურად განიხილავს სასამართლო აღნიშნულ ზეპირი მოსმენის სხდომას“, – განაცხადა ადვოკატმა სალომე კალაიჯაშვილმა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი სოლოღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.