ცოტა გოლი და ბევრი ფრე - კრისტალბეთ ლიგა - 2-ში მე-17 ტური დაიწყო
ცოტა გოლი და ბევრი ფრე - კრისტალბეთ ლიგა - 2-ში მე-17 ტური დაიწყო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა-2-ში მე-17 ტურის თამაშები გაიმართა და უჩვეულოდ დაბალი შედეგიანობა და ბევრი ფრე დაფიქსირდა – 4 შეხვედრაში სულ 8 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 2 გოლი თამაშში, სამ მატჩში კი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

მუხიანის სპორტულმა კომპლექსმა „გაგრამ“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1. ფოთელი თამაზ შალიკაშვილის (61) გოლს მასპინძლებიდან ჯაბა კასრელიშვილმა (78) უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „გურიამ“ „ცხინვალს“ უმასპინძლა და ამ მატჩშიც ანგარიშით 1:1 დაფიქსირდა. 21-ე წუთზე ანგარიში სტუმართა შემტევმა ცოტნე სამუშიამ გახსნა, ლანჩხუთელებმა კი 58-ე წუთზე განელ ნახევარმცველ ემანუელ იაგრის გოლით გაათანაბრეს. ასევე ფრედ დასრულდა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ „შუქურასა“ და „თელავის“ დაპირისპირება – 0:0.

ერთადერთი შეხვედრა, სადაც გამარჯვებული გამოვლინდა, ზედა ეწერში გაიმართა – „ზუგდიდი“ გათამაშების მეორეადგილოსან „შევარდენი 1906“-თან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. თბილისელებმა ორი გოლი პენალტით გაიტანეს – თავი გამოიჩინეს გიორგი ივანიაძემ (29. პენალტი), ომარ პატარკაციშვილმა (53), დავით ოდიკაძემ (57) და დენის სკეპსკიმ (84. პენალტი).

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა-2-ში მე-17 ტური სამშაბათს, 2 ივლისს ლიდერთა დაპირისპირებით დასრულდება. თბილისის „მერანი“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. მატჩი სპაერის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.