ფართოდ ხელმისაწვდომმა და შედარებით იაფმა ანტიდეპრესანტმა პრეპარატმა მალე შეიძლება სრულიად სხვადასხვა დაავადების მქონე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ მწვავე დეპრესიის სამკურნალოდ დამტკიცებულმა სეროტონინის მოდულატორმა პრეპარატმა ადამიანის ქსოვილის ნიმუშების ექს ვივო კვლევაში და ცოცხალ თაგვებზე ჩატარებულ ცდებში წარმატებით დათრგუნა თავის ტვინის ყველაზე აგრესიული და მომაკვდინებელი კიბო — გლიობლასტომა.
ის სრულად არ კურნავს, მაგრამ შეიძლება გლიობლასტომის მკურნალობის სქემის საკმაოდ ეფექტიანი ნაწილი აღმოჩნდეს. შემდეგი ეტაპზე კლინიკური ცდები უკვე ადამიანებზე ჩატარდება; ამ ეტაპზე, პაციენტებს აფრთხილებენ, რომ არ მიმართონ თვითმკურნალობას.
„სეროტონინის მოდულატორის უპირატესობა ისაა, რომ იაფია და ფასთან მიმართებაში ძლიერ ეფექტიანი. ვინაიდან პრეპარატი უკვე დამტკიცებულია, არ საჭიროებს დამტკიცების კომპლექსური პროცედურის გავლას და მალე შესაძლოა შეავსოს თავის ტვინის ამ მომაკვდინებელი სიმსივნის სტანდარტული თერაპია“, — ამბობს ციურიხის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნევროლოგი მაიკლ ველერი.
გლიობლასტომა იშვიათი დაავადებაა, მაგრამ თუ ადამიანს მაინც დაემართა, ძალიან ძნელი დასამარცხებელია. ეს სიმსივნე ძირითადად ჩნდება ტვინში ან ტვინის ღეროში და სწრაფად და აგრესიულად იზრდება. ამჟამად ის განუკურნებელია, ანუ ძირითადად ფატალურად სრულდება და პაციენტთა დაახლოებით 95 პროცენტი მაქსიმუმ ხუთ წელიწადს ცოცხლობს. მკურნალობა ძირითადად მოიცავს რადიოთერაპიასა და ქიმიოთერაპიას, ზოგჯერ კი ქირურგიულ ჩარევასაც, რომელშიც ცდილობენ, მოკვეთონ სიმსივნის რაც შეიძლება დიდი ნაწილი.
არაინვაზიური მკურნალობა, რომელსაც შედეგების გასაუმჯობესებლად შეუძლია შეავსოს არსებული ინტერვენციები, ექიმებისთვის ფრიად სასურველი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან კიბოს მხოლოდ რამდენიმე პრეპარატს შეუძლია სისხლი-ტვინის ბარიერის გადალახვა, არჩევანი შეზღუდულია.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETH Zurich) მოლეკულური ბიოლოგი სოჰოინ ლი ხელმძღვანელობდა, გამოიყენა გლიობლასტომის პაციენტის მიერ ქირურგიული ჩარევის შემდეგ გადაცემული ნიმუშისგან გამოზრდილი კულტივირებული ქსოვილი; მათი მიზანი იყო ენახათ, ეფექტიანად დათრგუნავდა თუ არა კიბოს უჯრედების ზრდას რომელიმე არსებული პრეპარატი. ძირითადად ფოკუსირდნენ ანტიდეპრესანტ, ანტიფსიქოზურ და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე.
საერთო ჯამში 132 პრეპარატი შეამოწმეს გლიობლასტომის 27 პაციენტისგან კულტივირებულ ქსოვილებზე; აღრიცხეს პრეპარატებზე 2500-ზე მეტი რეაქცია. მათდა გასაკვირად, ასე დადგინდა, რომ ზოგიერთი ანტიდეპრესანტი პრეპარატი ეფექტიანად თრგუნავდა კიბოს უჯრედების განვითარებას, მათ შორის იყო სეროტონინის მოდულატორიც.
სეროტონინის მოდულატორის ერთ-ერთი მოქმედებაა სიგნალირების კასკადების გააქტიურება — რეაქციათა სერია უჯრედებში, რომელსაც სტიმულები განაპირობებს. ეს კასკადები თრგუნავს უჯრედების გაყოფას — გზას, რომლითაც კიბო იზრდება და ვრცელდება.
კომპიუტერულმა სიმულაციებმა ცხადყო, რომ კიბოს დასაბლოკად აუცილებელი იყო ნერვული უჯრედებისა და კიბოს უჯრედების ერთდროული კასკადი; სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ეფექტიანობა მხოლოდ რამდენიმე ანტიდეპრესანტმა აჩვენა — ისინი ყველა ერთნაირად არ მუშაობენ.
შემდეგი ნაბიჯი იყო პრეპარატის დატესტვა ცოცხალ, მსუნთქავ სისტემაში: გლიობლასტომის მქონე თაგვებში. ამ თაგვებს გლიობლასტომის სიმსივნეები გადაუნერგეს, შემდეგ კი ჯგუფი მონიშნეს. საკონტროლო ჯგუფი ხელუხლებლად დატოვეს, მეორე ჯგუფს კი SSRI ანტიდეპრესანტი ციტალოპარმი მისცეს. ბოლოს, მესამე ჯგუფს სეროტონინის მოდულატორით უმკურნალეს.
კიბოს იმპლანტაციიდან 38 დღის შემდეგ ჩატარებულმა შედარებებმა აჩვენა, რომ სეროტონინის მოდულატორით ნამკურნალევ ჯგუფს კიბო გაცილებით ნაკლებად და ინვაზიურად ეზრდებოდა, ვიდრე საკონტროლო და ციტალოპრამის ჯგუფს, რომლებსაც ერთნაირი შედეგები ჰქონდათ.
შემდეგ ექსპერიმენტში, გლიობლასტომიანი თაგვების კიდევ ერთ ჯგუფს სტანდარტული ქიმიოთერაპიული პრეპარატებით უმკურნალეს. სხვა ჯგუფს სეროტონინის მოდულატორი მისცეს, მესამე ჯგუფს კი არანაირი წამალი.
სეროტონინის მოდულატორის ჯგუფის გადარჩენის მაჩვენებელი 20-30 პროცენტით გაიზარდა, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიაზე მყოფი ჯგუფის, თანაც არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც.
როცა პრეკლინიკური შედეგები ასეთი იმედისმომცემია, ადამიანებზე ჩატარებულმა ცდებმა შეიძლება აჩვენოს, არის თუ არა მზად გლიობლასტომის ახალი თერაპია.
„ჯერ არ ვიცით, მუშაობს თუ არა ეს პრეპარატი ადამიანებშიც და რა დოზაა საჭირო კიბოსთან საბრძოლველად; სწორედ ამიტომაა საჭირო კლინიკური ცდები. თვითმკურნალობა წარმოუდგენელ რისკს შეიცავს“, — ამბობს ველერი.
მიუხედავად ამისა, ეს პრეპარატი ამ გამანადგურებელი კიბოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ იმედს აჩენს ამ დაავადების მქონეთათვის, რომელთა რაოდენობაც ყოველ წელს დაახლოებით 250 000 ადამიანია.
კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ethz.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.