ცნობილი ტელეწამყვანი ენტონი ბურდეინი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
15:56, 08.06.2018
ცნობილი ამერიკელი მზარეული და ტელესახე ენტონი ბურდეინი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, 61 წლის ბურდეინის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.
ბურდეინი საფრანგეთში, სტრასბურგში CNN-ის გადაღებებისთვის იმყოფებოდა. იგი CNN-ზე გადაცემის Anthony Bourdain: Parts Unknown წამყვანი იყო.
„გვინდა ღრმა მწუხარებით შეგატყობინოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი და კოლეგა ენტონი ბურდეინი. თავგადასავლების, ახალი მეგობრების, განსხვავებული საკვებისა და სასმელის მიმართ დიდი სიყვარული მას უნიკალურ მთხრობელად აქცევდა.
ის მუდმივად გვაოცებდა თავისი ნიჭით და ყველას ძალიან მოგვენატრება. ჩვენი ფიქრები ამ მძიმე წუთებში მის ქალიშვილთან და ოჯახთან არის“, – აღნიშნულია სამაუწყებლო კომპანია CNN-ის განცხადებაში.
ცნობილმა მზარეულმა 2016 წელს თავისი გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოში ჩაწერა.
„აუცილებლად უნდა გაიცნოთ საქართველო, რადგან აქ შესანიშნავი საკვებია. ქვეყანა მდიდარია დედამიწაზე ყველაზე ლამაზი პეიზაჟებით. ეს არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ“, – წერდა ბურდეინი საქართველოს შესახებ.