ცნობილი გახდა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის | იაპონია 2019
ცნობილი გახდა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის | იაპონია 2019

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ „ვოლაბები“ ერთადერთი ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალ ზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძესთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. დ ჯგუფი

11 ოქტომბერი. შიზუოკა

საქართველო – ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები

15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.