ცნობილი ამერიკელი განგსტერი, ჯეიმს უაით ბალჯერი ციხეში მოკლეს, – ამის შესახებ Boston Globe-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, 89 წლის კრიმინალი დასავლეთ ვირჯინიის ფედერალურ ციხეში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს და განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მოათავსეს.
ამერიკული მედიის ცნობით, ახლა ეჭვმიტანილები ციხეშ მყოფი კრიმინალური დაჯგუფებების წევრები არიან. დანაშაულის შესაძლო მოტივი კი შურისძიებაა.
ჯეიმს უაითი 16-წლიანი დევნის შემდეგ 2011 წელს კალიფორნიაში დააკავეს. მას 11 ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად. 2013 წელს ცნობილ კრიმინალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
წარმოშობით ირლანდიელი ჯეიმს უაითი ბოსტონში მოქმედი ირლანდიური კრიმინალური დაჯგუფება Winter Hill-ის წევრი ადრეულ ასაკში გახდა. მოგვიანებით კი დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა. ბოსტონის კრიმინალური იმპერიის სათავეში ყოფნის ფარგლებში, ჯეიმს უაითი გარეული იყო ნარკოვაჭრობაში, აზარტულ თამაშებსა და მკვლელობებში. დაჯგუფების წევრები ხშირად ბანკებსაც ძარცვავდნენ. ყველაფერთან ერთად, ჯეიმს უაითი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.
დაკავებამდე გარკვეული პერიოდი ჯეიმს უაითი FBI-ის ინფორმატორი იყო. ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებს სხვა განგსტერებზე ცნობებს აწვდიდა.
ჯეიმს უაითის კრიმინალური ცხოვრების მოტივებზე რამდენიმე ჰოლივუდური ფილმია გადაღებული. მათ შორის არის ფილმი „შავი მესა“, სადაც ბოსტონელი განგსტერის როლი ჯონი დეპს აქვს მორგებული. ასევე რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ოსკაროსანი ფილმი „განდგომილები“, სადაც ირლანდიური მაფიის ბოსი სწორედ ბოსტონელი ჯეიმს უაითის პროტოტიპია.