CNN - ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 37 პალესტინელი ემსხვერპლა
ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 37 პალესტინელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
დაშავებულთა რიცხვი ათასს აჭარბებს. ასზე მეტ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიღებული. გარდაცვლილთა შორის კი 12, 14 და 16 წლის მოზარდებიც არიან.
ღაზას სექტორის საზღვართან „დაბრუნების მარშის“ ფარგლებში საპროტესტო გამოსვლები მარტის შუა რიცხვებიდან, ყოველ პარასკევს იმართება.
დღეს პალესტინელთა საპროტესტო აქცია იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიის გამო განახლდა.
არეულობა ისრაელსა და ღაზას სექტორის საზღვარზე იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ისრაელის საზღვართან რამდენიმე ათასი პალესტინელი შეიკრიბა. მათგან რამდენიმემ ისრაელის ჯარისკაცებს ქვები ესროლა და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა, რა დროსაც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანის საბურავები დაწვეს.
აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია იერუსალიმში ამ წუთებში მიმდინარეობს. ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი ესწრებიან.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დავის მთავარ საგანს წარმოადგენს. ორივე მხარე ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. იერუსალიმთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასული წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა ის ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩოს გადატანის შესახებ გამოაცხადა.