CNN - დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის „საშინელი“ სატელეფონო საუბრი შედგა
გასულ კვირას აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრნდობით ავრცელებს.
ორ პრეზიდენტს შორის საუბარი აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესების შემდეგ შედგა. როგორც CNN-ს ერთ-ერთმა რესპოდენტმა უთხრა, სატელეფონო საუბარი „საშინელი“ იყო.
„მაკრონი ფიქრობდა, რომ შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ურთიერთობებზე დაყრდნობით. თუმცა, ტრამპი მისი მისამართით ასეთი კრიტიკის წინაშე თავს ვერ იკავებს“, -აღნიშნა წყარომ, რომელიც CNN-ს არ გაუსაჯაროებია.
სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ვაჭრობასა და მიგრაციაზე ისაუბრეს.
„ორივე ლიდერმა განიხილა ლიბიაში მიგრაციული პრობლემა და მისი გადაჭრის ვადები. პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ საჭიროა ევროპასთან ვაჭრობის ბალანსის აღდგენა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ელისეის სასახლის განცხადებით კი, სატელეფონო საუბრისას, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ წუხს ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ შეცდომაა მრავალი ასპექტით.
„ეს არის შეცდომა, რადგან ის აძლიერებს გლობალურ დისბალანსს“, -აღნიშნა მაკრონმა.