CNN-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. მიზეზი ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და არხის კორესპონდენტ ჯიმ აკოსტას შორის მომხდარი კონფლიქტია, რომლის შემდეგაც ჟურნალისტს თეთრ სახლში აკრედიტაცია შეუჩერეს.
CNN-ისა და ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას საჩივარში ხუთი მოპასუხეა მოხსენიებული. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი, ჯონ კელი, პრესმდივანი, სარა სანდერსი და საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ კლენსი. არხის განმარტებით, თეთრი სახლის მიერ ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევით მისი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა.
CNN-ის სარჩელს უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, სასამართლო პროცესზე საკუთარ სიმართლეს „ენერგიულად“ დაიცავენ. ამასთან, სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ CNN-ს ჯიმ აკოსტას გარდა კიდევ 50 ჟურნალისტი ჰყავს, რომლებზეც თეთრ სახლში მუდმივი საშვი მოქმედებს.