ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამოუკიდებელ პროკურორ რობერტ მიულერთან შესახვედრად ემზადება. ექსკლუზიურ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს მასთან დაახლოებული პირები ურჩევენ, შეხვდეს რობერტ მიულერს, რომელიც მეცხრე თვეა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს. როგორც ამერიკული მედიისთვის გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება მიულერთან ინტერვიუს შესახებ ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა მიმდინარე წლის იანვარში, ტრამპმა თავად განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს, პროკურორ მიულერს შეხვდეს, რომელსაც ამერიკული მედია „ვაშინგტონის ყველაზე გავლენიან კაცს“ უწოდებს.
გამოძიების პროცესში პირველი დეტალები 16 თებერვალს გამოიკვეთა, როცა რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათგან სამს კონსპირაციულ პროექტ „ლახტა“-ში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი, ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკას ინფორმაციული ომი ღიად გამოუცხადა.
2018 წლის 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შვიდ რუს ოლიგარქს, 17 პოლიტიკოსსა და 12 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. სანქციები სწორედ ამერიკის არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში ამოქმედდა. სანქცირებულ რუს ოლიგარქებს შორის არიან „გაზპრომის“ და „რუსალ“-ის დირექტორები – ალექსეი მილერი და 28 მილიარდის მფლობელი ოლეგ დერიპასკა, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი. მიულერის გუნდი ვარაუდობს, რომ მათ უკანონოდ დააფინანსეს ტრამპის კამპანია, ამისთვის კი, შეერთებული შტატების მოქალაქეები გამოიყენეს.
ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპი ბრალდების სამიზნედ არ განიხილება, ის მხოლოდ გამოძიების ფიგურანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულება გამოძიებას ამ დრომდე არ მოუპოვებია. თეთრ სახლში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და კრემლს შორის, არავითარი საიდუმლო კავშირი არ ყოფილა.
2016 წელს ინფორმაციული ომი და კიბერშეტევა ძირითადად სანქტ-პეტერბურგში მდებარე ე.წ. ტროლების ქარხნიდან ხორციელდებოდა. ეს არის ოთხსართულიანი შენობა, აღჭურვილი უმაღლესი ტექნოლოგიით, სადაც დამწყებ თანამშრომლებს ყოველთვიურად 700 აშშ დოლარს უხდიდნენ. ე.წ. ტროლების ქარხანას, რომელსაც რუსეთში ინტერნეტის კვლევის სააგენტოს უწოდებენ, ამერიკის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად ორი თვის წინ წაუყენა.
რუსეთის საგარეო უწყება ფედერალური ბიუროს გამოძიების დეტალებს დღემდე არასერიოზულ შედეგად აფასებს.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, 2016 წლის დასაწყისში რუსეთის ხუთმა მოქალაქემ ტეხასის, ნიუ-მექსიკოს, ნიუ-იორკის, კალიფორნიის და ნევადას შტატებში ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემები მოიპარა.
როგორც ირკვევა, 2016 წელს სოციალურ ქსელ „თვითერში“ 36 700-ზე მეტი ყალბი ანგარიში გაიხსნა. მათ მილიონნახევარი პოსტი გაავრცელეს. 2014-2017 წლებში 200 ათასამდე ყალბი ანგარიში დაფიქსირდა, რომელიც „თვითერის“ ადმინისტრაციამ წაშალა. იმავე წელს, „ფეისბუქში“ ანტიამერიკული შინაარსის 80 ათასი პოსტი დაიწერა, ხოლო ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ ასეთივე შინაარსის 2000-მდე ვიდეო აიტვირთა. პოსტების დიდი ნაწილი დემოკრატების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დადანაშაულებას ისახავდა მიზნად.