CNN - აშშ ირანის ელიტური შეიარაღებული ძალების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს
ინფორმაციით აშშ-ის ხელისუფლება ირანის ელიტური შეიარაღებული ძალების , „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას აპირებს. ინფორმაციას СNN-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ და მოქმედ წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაშინგტონში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრებს ტერორიზმის მხარდაჭერასა და რეგიონის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში სდებენ ბრალს. თუ ირანის ელიტურ შეიარაღებულ ძალებს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ, ეს მისცემს საშუალებას ვაშინგტონს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრების ფინანსური აქტივები დააყადაღოს და მათ წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
აღნიშნული გეგმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების უსაფრთხოებას დაემუქრება.
„ისლამური რევოლუციით გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია.
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ ნაბიჯს მხარს უჭერს და თვლის, რომ ირანის წინააღმდეგ მაქსიმალურად ხისტი სანქციები უნდა მოქმედებდეს, რაც ქვეყნების ეკონომიკაზე უნდა აისახოს.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ირანში 1979 წელს შექმნეს, რათა ახალი რეჟიმის დაცვა უზრუნველეყოთ. კორპუსში შემავალი ქვედანაყოფები სპეცოპერაციებს საზღვარგარეთ ატარებენ. ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ენერგეტიკულ სექტორს აკონტროლებს.